ლადო პაპავა - მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან

მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან , - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯიუტი ფაქტია, სწორედ ე.წ. დედოლარიზაციის გეგმის გამოცხადებამ ისე, რომ დოკუმენტი ფიზიკურად არ არსებობდა, გარკვეული გაუგებრობები და გაურკვევლობა შექმნა.

”გაჩნდა ბევრი კითხვა, რომელზედაც პასუხები არ იყო. ასეთ ვითარებაში, რაც უფრო იზრდება გაურკვევლობა, მით უფრო იზრდება უნდობლობა ეროვნული ვალუტის მიმართ. ამან გამოიწვია გარკვეული პანიკური ქმედება. რა თქმა უნდა, მთავრობის მიერ გახმოვანებული, მაგრამ შეუთანხმებელი და დაუზუსტებელი ”დედოლარიზაციის გეგმა” უშუალო კავშირშია ლარის კურსის ვარდნასთან. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეჩვიოთ, რომ უნდა შეწყდეს არარსებული დოკუმენტების პრეზენტაცია. ეს მავნე პრაქტიკა 2004 წლიდან ”ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ დაამკვიდრა და სამწუხაროდ, მას დღეს ”ქართული ოცნების” ხელისუფლება აგრძელებს. ამ პროცესის დაწყება აწგანსვენებულ ზურაბ ჟვანიას უკავშირდება, როცა მან მოახდინა არარსებული საგადასახადო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია: არსებობდა საპრეზენტაციაო მასალა და არ არსებობდა საგადასახადო კოდექსი. მას შემდეგ ამგვარ პრაქტიკას ”ნაციონალები” იყენებდნენ. ახლა კი დღევანდელი მთავრობა აგრძელებს”, - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე განმარტებით ასეთ ქმედებებს, რა თქმა უნდა, მოჰყვება ის, რაც ახლა ხდება.

პაპავა მიიჩნევს, რომ პრეზენტირებულ ე.წ. გეგმაზე ვერ მოძებნეს პასუხები ვერც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ვერც ექსპერტებმა.

”იყო დიდი გაუგებრობა, რადგან იყო ძალიან ბევრი კითხვა და ამის გამო შიშიც. ამ კითხვებზე პასუხის არარსებობის ვითარებაში გაჩნდა იმის საფრთხე, რომ ბანკებისთვის შესაძლოა იძულებით დაევალებინათ ლარიზაციის პროგრამის განხორციელება, რაც ბანკებს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდათ. მათ კი, თავის მხრივ დაიწყეს თავდაცვითი ღონისძიებების გატარება. როცა სავალუტო ბაზარზე არის დაბნეულობა, ლარის კურსი ყოველთვის ეცემა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, მთავრობის ამგვარი განცხადებები უნდა იყოს მოზომილი და, რაც მთავარია, შეთანხმებული”,- აღნიშნა ლადო პაპავამ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად: ლადო პაპავა - მთავრობას ვურჩევდი, მომავალში, ვიდრე რამეს გაახმოვანებს, ბიზნესის წარმომადგენლებსაც დაელაპარაკოს და ეკონომისტებზეც ნუ იქნებიან აცრილები