გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთადერთი მონაკვეთი, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული, გუდაური-კობის მონაკვეთია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. რაც შეეხება ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტს მათთვის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.