საზღვარზე დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დააკავა, ხოლო მედიკამენტები მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით.