რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური შესაძლოა, 1.30 თეთრი გახდეს

კომპანია ,,ინტერტრანსსა“ და რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენელ ზაზა ლომიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე გაზრდილი მგზავრობის საფასურის შემცირებაზე ისაუბრეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა. სამსაათიანი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ ,,ინტერტრანსი“ მძღოლებთან მოლაპარაკებების საფუძველზე შეეცდება ძველი ტარიფი -1.30 თეთრი შეინარჩუნოს.

როგორც რუსთავის მერის პირველმა მოადგილე ნოდარ შეროზიამ განაცხადა, ,,ინტერტრანსი“ ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირდა, რომ მგზავრობის საფასურს 1.30 თეთრს დატოვებს, თუმცა ამას მძღოლებთან მოლაპარაკების გზით უნდა მიაღწიონ.

,,როგორც შეხვედრაზე ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, 4 დეკემბერს მძღოლების მხრიდან თვითნებურად მოხდა ფასის გაზრდა. ჩვენ ორი დღეა კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, ამ ეტაპზე ისინი თავად არეგულირებენ ამ საკითხს. კომპანიის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ მძღოლებთან მოლაპარაკების შედეგად შეეცდებიან საწყის ტარიფს დაუბრუნონ მგზავრობის საფასური“, - განაცხადა რუსთავის ვიცე-მერმა ნოდარ შეროზიამ.

კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლის სოფო ცერცვაძის განცხადებით, კომპანია შეეცდება შეინარჩუნოს ძველი ტარიფი.

,,ჩვენ რუსთავის მერიასა და საკრებულოს ფასის გაზრდასთან დაკავშირებით წერილი 24 ნოემბერს მივწერეთ. არის ერთთვიანი ვადა, ამ ერთი თვის განმავლობაში კომპანია შეეცდება შეინარჩუნოს ძველი ტარიფი. მძღოლებთან დღესვე დაიწყება მოლაპარაკება და დამატებითი დეტალები მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება, იქნება მგზავრობის ღირებულება 1.30 თუ 1.50 თეთრი“, - განაცხადა სოფო ცერცვაძემ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის განცხადებით თუ კომპანია ,,ინტერტრანსი“ მგზავრობის საფასურის საკითხს არ დაარეგულირებს და ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს, მაშინ თვითმმართველობა იძულებული გახდება მას საჯარიმო სანქციები დააკისროს.