2016 წლის 1-ელ დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიები, კომპენსაციები და საარსებო შემწეობა დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება

საარსებო შემწეობა, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაიცა, ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ეს წესი გავრცელდება ზედმეტად გაცემულ პენსიებსა და კომპენსაციებზეც.

შესაბამისი ცვლილებება რამდენიმე კანონში შედის, რომელიც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ წარადგინა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების ამოღებასთან.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი წინა მოწვევის პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა მისი განხილვა სამივე მოსმენით ვერ მოესწრო. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ბოლო ვადად 2016 წლის 1-ლი ივლისი იყო მითითებული, რაც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, 1-ლი დეკემბრით ჩასწორდა.