"თუ მომავალი წლების განმავლობაში ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვის საჭიროება იქნება, ეს მოხდება, მაგრამ ახლა მისი ზრდა მოსალოდნელი არ არის"

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

,,ბოლო დროს ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. თქვენ იცით, რომ ეს არის სემეკის პრეროგატივა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ გათვლებს - ვთვლით, თუ რა როგორ. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვა მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება.

,,ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კომპანიები გაკოტრდნენ. ენერგეტიკა დაინგრეს. გახსოვთ გასულ წელს ჩემი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ბევრი საუბარი იყო, რომ ტარიფი არ გაგვეზარდა, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ტარიფის მატება ელექტროენერგიაზე, ანუ დაუბრუნდა იმ ძველ ნიშნულს, რაც 2012 წლამდე იყო. თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება იმის საჭიროება, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვა მოხდეს, ეს აუცილებლად მოხდება”, - განაცხადა კალაძემ.