ეროვნული ბანკის შეფასებით, სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების თაობაზე შემუშავებული კანონპროექტი ბანკის დამოუკიდებლობის შესუსტებას გამოიწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ის პირდაპირ ზღუდავს კონსტიტუციით და ორგანული კანონით გარანტირებულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

“სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საკანონმდებლო წინადადების ფარგლებში მომზადდა. პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლოების დიზაინის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების დადგენის, რეგისტრაციისა და გამოყენების წესის მოწესრიგებაა, რაც სხვადასხვა სახელმწიფო სიმბოლოებისა და ემბლემების გარდა, ფულის ნიშნების დიზაინზეც უნდა გავრცელდეს. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის თანახმად, ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის და გაფორმების საკითხი ეროვნულმა ბანკმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან უნდა შეათანხმოს და მხოლოდ საბჭოსგან დადებითი დასკვნის შემდეგ მოახდინოს ფულადი ნიშნების ემისია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ გამართულ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტის ოფიციალურად ინიცირების საკითხზე იმსჯელა, რა დროსაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ეროვნული ბანკის პოზიცია იყო.

როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ფულის ემისია მათ შორის ფულის ნიშნების დიზაინსა და გაფორმებას მოიცავს, რა უფლებამოსილებაც კონსტიტუციით არცერთი სხვა დაწესებულების კომპეტენციაში არ შედის, ეროვნული ბანკის გარდა.

“აღნიშნული პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს და ზღუდავს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით გარანტირებულ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ამასთან, ხაზგასასმელია ის საკითხიც, რომ ნებისმიერი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების ემისიის უფლებამოსილებაში ჩარევა წარმოშობს რეალურ რისკს, საფრთხის ქვეშ დადგეს, ზოგადად ქვეყნის ნაღდი ფულით მომარაგების საკითხი. შესაბამისად, შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვნად გაურთულდება კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ფულის ნიშნებით ეკონომიკის მომარაგების საკითხი“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილში.

საკითხის განხილვისას ჰერალდიკის სახელწიფო საბჭოს წარმომადგენელმა დავით ჩხეიძემ განაცხადა, რომ ფულთან დაკავშირებული საკითხი საკმაოდ რთული თემაა და არ გამორიცხა კანონპროექტიდან მისი ამოღების შესაძლებლობა. ამასთან, როგორც მან განმარტა, როცა 20, 50 და 100 ლარიანი ბანკნოტები შეიცვალა, საბჭოში, ჰერალდიკოსების ნაწილის მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ეს საჯარო განხილვის გარეშე მოხდა. ამ კონტექსტში ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მაგალითად, ლარზე გამოსახული ბორჯღალი სახელმწიფო სიმბოლო არ არის და ლარზე მისი დატანება მხოლოდ დეკორის ფორმას ატარებს.

საკითხზე მსჯელობისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ ფულზე გამოსახული თამარ მეფის სურათზე ჰერალდიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარღვევვაა, რასაც ჰერალდიკოსები ხედავენ.

საბოლოოდ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პროექტის ინიცირების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.