გიგლა აგულაშვილი - ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსის 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ

ჩვენ მიერ დაგეგმილი რეორგანიზაციის გეგმა გულისხმობს როგორც ხარჯების შემცირებას, ასევე, ადამიანური რესურსების შემცირებას, ოღონდ ბიუროკრატიის შემცირება ხდება არსებული რეზერვების ხარჯზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა.

"იქ, სადაც ჩვენ გვქონდა ვაკანსიები, ამ ვაკანსიების ხარჯზე შევამცირებთ კადრების საერთო ჯამურ მოცულობას. ამის გარდა, სტრუქტურულად ახლებურად გადავალაგებთ ცალკეულ უწყებებს. ოპტიმიზაციამ არ უნდა იქონიოს გავლენა სერვისებზე. პირიქით, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობდით ადრე, მათ შორის ისინი, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ცოტა, ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოებში. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის თანმიმდევრული და სწორი. სამუშაო ადგილები ჩვენ უნდა გავზარდოთ კერძო სექტორში",- განაცხადა აგულაშვილმა.

კითხვაზე, დაახლოებით რამდენ ადამიანს შეეხება ოპტიმიზაცია, მინისტრი პასუხობს: "ოპტიმიზაცია შეეხება იმდენ ადამიანს, რამდენსაც ის სტრუქტურა მოითხოვს, რომელზეც ჩვენ ვყალიბდებით. რაოდენობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსების 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ".

ამასთან, აგულაშვილის თქმით, ეს არ იქნება ადამიანების დევნა და უწყების თანამშრომლებმა დეტალების შესახებ იციან და ისინი პროცესში ჩართულები იყვნენ.