ლია გიგაური - წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება

წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა , რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

”წყალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა არც ერთ სკოლაში. წყალმომარაგების კომპანიები წყლის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად აკეთებენ ლაბორატორიულ ანალიზს. თუნდაც ოდნავი გადახრის შემთხვევაში, ისინი წყვეტენ წყალმომარაგებას და შესაბამის ღონისძიებებს ღებულობენ. წყალი სკოლას ყოველთვის გაფილტრული, უსაფრთხო მიეწოდება. იმ შემთხვევაში, თუ პერიოდულად სკოლა არ აკეთებს თავისი რეზერვუარის (თუკი ასეთი არსებობს) გაწმენდას და დეზინფიცირებას, ანალოგიურად, წყალმომარაგების კომპანიები მოგვამრთავენ ჩვენ. მაგრამ ასეთი ფაქტი არსად დაფიქსირებულა, არასოდეს ყოფილა, რადგან სკოლები რეკომენდაციებს მიჰყვებიან, არსებობს სპეციალური რეგლამენტი და იცავენ რეკომენდაციებს. გაფილტრული წყალი არ აქვთ იმ სოფლებში, სადაც გათხრილია ჭა, რადგან სოფელში ზოგადად არ არსებობს წყალმომარაგება. ასეთ შემთხვევაში მაინც მოწმდება წყლის უვნებლობა”, - განაცხადა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, ზოგიერ სკოლაში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემის გამოვლენის შესახებ, ლია გიგაურის თქმით, სასწავლო პროცესი 4000-მდე შენობაში მიმდინარეობს და მათი უმრავლესობა წინა საუკუნეშია აშენებული.

”მათი ექსპლუატაციის ვადა საკმაოდ დიდი ხანია გასულია, თუმცა ასეთი შენობები რეალობაა, რომ გვაქვს. ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, მაგრამ მოგეხსენებათ, ყველგან ერთდროულად ასეთი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ, პრობლემების კატეგორიზაცია ხდება”, - განაცხადა ლია გიგაურმა.

2015–2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ეს ყველაფერი სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.

”სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა.

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.