ეროვნული ბანკი საქართველოში Альфа-Банк-ის შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადასტურებს ინფორმაციას Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით.როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს.

„ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას. იმისათვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმაცია "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია“, - ნათქვამია განცხადებაში.