ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ე.წ. ლარიზაციის გეგმა პირველი სერიოზული და არაორდინალური გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ე.წ. ლარიზაციის გეგმა პირველი სერიოზული და არაორდინალური გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით , - ამის შესახებ ირაკლი კოვზანაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ძალიან საინტერესო პროგრამა დაიწყო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად. ”შემიძლია გითხრათ, რომ პირველი სერიოზული და არაორდინალური გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით. თუ აიღებთ თქვენ ფიზიკური პირების დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში, შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის 80%-მდეა დოლარიზაციის მაჩვენებელი.

ამიტომ ხელისუფლებამ აიღო მიმართულება იქითკენ, რომ შეამციროს დოლარიზაციის მაჩვენებელი საერთოდ საბანკო სექტორში. გამომდინარე აქედან, ჩვენი ამოცანაა, რომ რამდენადაც შესაძლებელია ეს მაჩვენებელი შემცირდეს. უპირველეს ყოვლისა ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ, როგორც კი ლარის დევალვაცია ხდება, მაშინვე ადამიანები, ვისაც აღებული აქვთ სესხები უცხოურ ვალუტაში, უპირველეს ყოვლისა ამერიკულ დოლარში, იხდიან უფრო მეტს”, - განაცხადა კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებთ მათ ხარჯებს.