ჩინეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა იხსნება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი ჩინეთის ორ ქალაქში - გუანჯოუსა და სიანში გაემგზავრა. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ გუანჯოუში, ევრაზიის სავაჭრო ცენტრის შენობაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისთვის ფართის გადმოცემის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, ფართი პალატას 3 წლის ვადით გადმოეცემა. პროექტი ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის - „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ფარგლებში ხორციელდება, სადაც ისტორიული აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან ჩართულნი. ცენტრში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა იმუშავებს, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, წარმომადგენლობა აქტიურად იმუშავებს „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე.

მათივე ინფორმაციით, 9-10 დეკემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ქ. სიანში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის (SRCIC) კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, სადაც მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობა ჯამდება და განისაზღვრება მომავალი წლის აქტივობები. ნინო ჩიქოვანი SRCIC-ის ვიცე-პრეზიდენტია.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა. მასში გაერთიანებულნი არიან 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიები. საჯაროობის, ინკლუზიურობის, განვითარებისა და გლობალიზაციის კონცეფციის გათვალისწინებით, SRCIC-ში შეიქმნა თანასწორი, ეფექტური და პრაგმატული თანამშრომლობის მექანიზმი და სერვისის პლატფორმა. იგი ფოკუსირებულია “ერთი სარტყელი და ერთი გზა” სტრატეგიასა და წევრი კომპანიების საჭიროებებზე, ქმნის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის ახალ მოდელსა და ახალ პლატფორმას. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა SRCIC-ს წევრი 2016 წლის აპრილში გახდა, როდესაც თბილისს საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე, ლიუ იანზონგი პირველად ეწვია. 2016 წლის 5 აპრილს ორ პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

11-12 დეკემბერს პირისპირ შეხვედრები გაიმართება აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვადასხვა ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებთან. საუბრის თემებია - ელექტრონული ვაჭრობა და ქართული ღვინის ჩინეთში იმპორტის ხელშეწყობა.