„ჩინური როლს-როისი“ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

ჩინური კომპანია FAW დიდი ხანია აწარმოებს ლიმუზინებს, რომლებსაც ხშირად „ჩინურ როლს-როისადაც“ მოიხსენიებენ. ამ ავტომობილს, რომელიც გარეგნულად 60-იანი წლების საშუალო კლასის ავტომობილს მოგაგონებთ, „FAW Hongqi L5“ ჰქვია და აქამდე მისით მხოლოდ სახელმწიფოს მაღალი ჩინის მოხელეები სარგებლობდნენ. მაგრამ ამიერიდან, ამ ავტომობილის შეძენის საშუალება, ნებისმიერ მსურველს მიეცემა, ვინც ამისათვის საკმარისი თანხის გადახდას შეძლებს.

Hongqi L5-ს ხელით აწყობენ და შესაბამისად, მისი ტირაჟი მცირეა. მისი სამთავრობო ვერსია 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სამოქალაქო ვერსიის კაპოტქვეშ კი 4.0-ლიტრიანი V8 განლაგდა, რომლის სიმძლავრე უცნობია. სამოქალაქო ვერსია სამთავრობოსგან გარეგნულადაც განსხვავებულია. მას უფრო პატარა ფარები აქვს და მომცრო ლოგო ამშვენებს.

FAW-მა უკვე დაიწყო ლიმუზინის სამოქალაქო ვერსიის ტესტირება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, რა ეღირება ეს ავტომობილი. სამაგიეროდ, ჩინური კომპანია არ მალავს, რომ მის ბაზაზე კაბრიოლეტიც დამზადდება, რომელსაც სამხედრო აღლუმების დროს გამოიყენებენ. ოღონდ, ეს ავტომობილი ბაზარზე არ გამოვა. სხვათა შორის, მისი რამდენიმე ეგზემპლარი ბელორუსის მთავრობას აქვს შეკვეთილი.

წყარო autobild.ge