ოპეკ-ის წევრი და არაწევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ

პირველად 2001 წლის შემდეგ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი და არაწევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

„ბედნიერი ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას“, - განაცხადა ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ბინ სალე ალ-სადამ.

ოპეკ-ის განცხადებით, ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, ნავთობის მოპოვებას დღეში 558 000 ბარელით შეამცირებენ.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებს, მექსიკა - 100 ათასი ბარელით, ყაზახეთი - 20 000, ომანი - 40 000, აზერბაიჯანი - 35 000, ბაჰრეინი და ეკვატორული გვინეა - 12-12 000 ბარელით, სამხრეთ სუდანი - 8 000 ბარელით, ბრუნეი - 7 000, სუდანი და ბოლივია - 4-4 ათასი ბარელით დღეში.

30 ნოემბერს ოპეკ-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, 2017 წლის იანვრიდან ნავთობის მოპოვება ყოველდღიურად 1,2 მილიონი ბარელით შეამცირონ, რაც მათი აზრით ნავთობის ფასებს დაარეგულირებს.

ექსპერტთა განცხადებით, ოპეკ-ის ეს გადაწყვეტილება ნავთობზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

ოპეკ-ის მომდევნო შეხვედრა 2017 წლის 25 მაისს გაიმართება.