დავით ნარმანია ბიუჯეტის პროექტზე ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით - არ დაუჭერენ და ნუ დაუჭერენ

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დახვეწილი და სრულყოფილია. მანვე ის პრიორიტეტები დაასახელა, რომელიც დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

”ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ჩვენ საბოლოო ფორმით გადავაგზავნეთ დედაქალაქის საკრებულოში, რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტს ითვალისწინებს. მათ შორის გამოვყოფდი ქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებებს, საბავშვო ბაღების მშენებლობას და მომავალზე ზრუნვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას, ქალაქის ისტორიული ნაწილის აღდგენას კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით. ასევე, ბიუჯეტი ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესებას როგორც ავტობუსების პარკის განახლების, ასევე თბილისის მეტროპოლიტენის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასე რომ, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქალაქში. ბიუჯეტის პროექტი არის დახვეწილი და სრულყოფილი”, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ბიუჯეტთან დაკავშირებით უმცირესობას მთელ რიგ შემთხვევაში ჰქონდა ძალიან პოპულისტური მოთხოვნები, ამიტომ მათი ნაწილის გათვალისწინება არ მოხდა.

”საქმიანი შენიშვნები, რომლებიც უმრავლესობისგან და უმცირესობისგან მივიღეთ, გარკვეულწილად გავითვალისწინეთ. როგორც ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ჩვენც ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით. აღნიშნული მოთხოვნა ჰქონდა უმცირესობასაც და შესაბამისად, ეს გათვალისწინებულია. თუ არ უნდა ოპოზიციას, რომ მხარი დაუჭიროს პროგრესზე და ქალაქის განვითარებაზე მორგებულ ბიუჯეტს, ეს მათი ნებაა. არ დაუჭერენ და ნუ დაუჭერენ”, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ოპტიმიზაცია მიმდინარეობს მერიის ერთ სამსახურში - კულტურულ ღონისძიებათა ცენტრში.