ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 50%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მაღალმთიანი აჭარის ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რაც დიდთოვლობის დროს შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ხულოს მუნიციპალიტეტის შიდა გზები დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის მიმართულებით.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განაცხადა, თოვლის საფარი ზოგიერთ ადგილებში 80 სანტიმეტრამდე აღწევს:

„ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო საშუალებებით. შიდა გზები დანისპარაულისა და ხიხაძირის მიმართულებით უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია, დილიდან იწყება გაწმენდა, თუმცა ნალექი მალევე კეტავს გზას. დიდთოვლობის გამო მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია ვერ მიეწოდება. თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს. გუშინ სოფელ ბოძაურსა და რიყეთს შორის ზვავიც ჩამოწვა, გუშინვე გაიწმინდა გზა და ამ მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.

მისივე თქმით, სასიცოცხლო ობიექტებს, საავადმყოფოებს ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზები აქვს და მათ დენის პრობლემა არ ექმნებათ.