საბურთალოს რაიონის გამგეობამ სათბობი შეშა 210 ოჯახს დაურიგა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ სათბობი შეშა 210 ოჯახს დაურიგა, - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან. მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისათვის სათბობი შეშის დარიგება საბურთალოს რაიონში დასრულებულია. რაიონის გამგეობის სოციალურმა განყოფილებამ სამ საუბნო სამსახურთან ერთად, შეშა 210 ოჯახს ადგილზე მიუტანა. პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კურატორი მოადგილე გაიოზ ვასაძე უწევდნენ მეთვალყურეობას.

„საბურთალოს რაიონის გამგეობამ 210 ოჯახის განცხადება სათბობი შეშით უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და ჩვენ ამ ოჯახებს მითითებულ მისამართზე მივუტანეთ კუთვნილი შეშა, თითოეულ ოჯახზე 3 კუბური მეტრის მოცულობით. აღნიშნული პროექტი სოციალური პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და ამისათვის, 2016 წლის ბიუჯეტიდან 61 740 ლარი გაიხარჯა“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძემ.