საჯარო სექტორიდან 30 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ?!

მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შესაძლოა, 30 ათასი ადამიანით შემცირდეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად შეცვლის დასაქმების სტრუქტურას. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, არც ისაა გამორიცხული, კადრების გაშვება (როგორც დანიშვნა) ნეპოტიზმის პრინციპით მოხდეს და სამსახურის მიღმა დარჩნენ ადამიანები, რომელთაც საჯარო სექტორში მფარველი არ ჰყავთ.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2016 წელს 274,9 ათასს შეადგენს, რაც მთლიანად დასაქმებულთა 15,4%-ია. 2014 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი საჯარო სეგმენტში გაზრდილია. 2 წლის წინ ამ სექტორში 251.2 ათასი დასაქმებული იყო.

თუკი მთავრობის დაგეგმილი ოპტიმიზაცია რეალურად 10%-ის ფარგლებში განხორციელდება, საჯარო სამსახურებიდან დაახლოებით 30 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ. ასე ვარაუდობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც მთავრობას კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ოპტიმიზაცია, რამდენადაც ცნობილია, შეეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. კერძო სექტორი აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. ჩვენ თუ გვინდა, რომ კერძო სექტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს თავისი აქტიურობით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფოს კმაყოფაზე დამოკიდებულთა კონტინგენტი შემცირდეს, თუკი პარალელურ რეჟიმში მოხდება კერძო სექტორში დასაქმების ზრდა. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ესტონური მოდელის შემოღება, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.

ინფლაციის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების მატების ტემპი წინ უსწრებს მშპ-ს ნომინალურ ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ხალხს შემოსავალი არათუ შეუმცირდება, გაეზრდება კიდევაც, უბრალოდ, მოხდება სტრუქტურული გადანაწილება და პერსპექტივაში ქვეყანას ეს მხოლოდ წაადგება.

რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ოპტიმიზაციის ფარგლებში მათი რაოდენობა, დაახლოებით, 25 000-დან 30 000-მდე იქნება, რომლის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, კერძო სექტორში გადაინაცვლებს", - განმარტავს არჩვაძე.

რაც შეეხება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, სტატისტიკოსის შეფასებით, საქართველოში ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, რაც იწვევს კიდეც საჯარო სექტორში მომუშავე მოქალაქეების ხელფასების მიმართ აჟიოტაჟურ დამოკიდებულებას.

"საჯარო სექტორი, თავისი ნეპოტიზმით, მოგვაგონებს დასაქმების ბიუროს, სადაც დასაქმებულების შრომის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე კერძო სტრუქტურებში. ამ მხრივ საქართველო ყველა ნორმალური ქვეყნისგან განსხვავდება. არც ერთ ქვეყანაში საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურება არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც საქართველოშია, შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სამსახურში მოქალაქეები მიდიან იდეური მსოფლმხედველური ფასეულობის დამკვიდრებისა და ცხოვრებაში შენარჩუნების მიზნით. იქ ამ სეგმენტში დასაქმებულთა ხელფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე კერძო სექტორში იღებენ. ამან შექმნა ჩვენთან აჟიოტაჟური დამოკიდებულება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მიმართ.

დღეს ტრაგედიასთან გათანაბრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რამდანადაც სამსახურის დაკარგვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ტრაგედიის ტოლფასია. მეორე მხრივ სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ რესურსი დაზოგოს. არა მგონია ოპტიმიზაციის შედეგად უმუშევრობამ მოიმატოს, რადგან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ალტერნატივა აუცილებლად გამოუჩნდება, თუნდაც კერძო სექტორში", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

სპეციალისტების ნაწილი სპატისტიკოსის ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ საჯარო სექტორში ათასობით ადამიანის გათავისუფლება უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის, რაც სოციალურ ფონს დაამძიმებს და ქვეყნისთვის საბოლოოდ ცუდად დასრულდება.

ეკონომისტ პაატა აროშიძის შეფასებით, ოპტიმიზაციის მიზანი უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება და არა დასაქმებულთა დათხოვნა, რაც მდგომარეობას გაართულებს.

"ოპტიმიზაციის მიზანი, პირველ რიგში, საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა. პირველი მიმართულება შეიძლება იყოს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა დათხოვნა, მეორე - მათთვის ხელფასების კლება ან ორივე ერთად. საქართველოში სახელმწიფო სექტორში დასაქმება, ანაზღაურებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანისთვის თვითმიზანია. თუ აქამდე საჯარო სექტორი მიიჩნეოდა გარანტირებულ სამუშაო ადგილად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება.

ვხედავ საფრთხეს, რომ კადრების გაშვებისას ისევ ნეპოტიზმის პრინციპით იხელმძღვანელებენ და კვალიფიკაციის გაუთვალისწინებლად, გაუშვებენ ისეთ თანამშრომელს, რომელსაც ახლობელი და მფარველი არ ჰყავს. ოპტიმიზაციის ფარგლებში ამ მხრივ პრობლემები გარდაუვალია", - აცხადებს აროშიძე.

ეკონომისტი არ არის მომხრე, რომ კადრები შემცირდეს, რაც მისი აზრით, უმუშევრობის მასშტაბს გაზრდის.

"თუკი ათასობით ადამიანის დათხოვნა სამომავლოდ არ შეეტყობა საჯარო სექტორს და დარჩენილები საქმეს უპრობლემოდ გააგრძელებენ, გამოდის, რომ შტატები გაბერილი იყო. ესე იგი ოპტიმიზაციისთვის უფრო ადრეც უნდა მიემართათ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ.

წარმოდგენაც არ მინდა იმაზე, თუ რა დაემართება სამსახურის მიღმა დარჩენილ ხალხს. ცხადია, კერძო ბიზნესში ვერ წავლენ, რადგან ასეთი დარგი ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია. ეკონომიკური ზრდა კი ისედაც დაბალია. ვშიშობ, გამოთავისუფლებულთა უმეტესობა უმუშევართა არმიას შეუერთდება, რაც სახელმწიფოს ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ჩემი აზრით, სოციალური ფონი გაუარესდება. მძიმე მდგომარეობაა და კადრების შეცმირებაში ვერ ვხედავ გამოსავალს. უნდა შევიგნოთ, რომ სახელმწიფოში კრიზისია და ოპტიმალურად მოვექცეთ საბიუჯეტო სახსრებს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე", - აცხადებსს პაატა აროშიძე.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯები 68 მლნ ლარით არის გაზრდილი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებელი, 2016 წლის მსგავსად, 29%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება. უშუალოდ შრომის ანაზღაურებისათვის 2017 წელს ბიუჯეტიდან 1 443 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც 2016 წლის გეგმურ მაჩვენებელს უტოლდება. შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა არ შეიმჩნევა ცალკე აღებული სამინისტროების შემთხვევაშიც, გამონაკლის შემთხვევებში კი ზრდის მაჩვენებელი უმნიშვნელოა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"