„ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა მინდელის ინტერესების დამცველებმა დააყენეს, რასაც როგორც ბრალდების მხარე, ასევე მოსამართლე დაეთანხმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას გურამ და მაია რჩეულიშვილების ადვოკატები და თავად ბრალდებული გურამ რჩეულიშვილიც დაეთანხმა.
"რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვთვლი, რომ ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარ პატიმრობაში არავინ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ორივე ხელით თანახმა ვარ, რომ ირაკლი გათავისუფლდეს", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მანამდე კი, ირაკლი მინდელმა სასამართლოს ჩვენება მისცა და წარდგენილი ბრალი აღიარა.