ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი კვლავ ჩამოწვა

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე დღეს დილით ზვავი კვლავ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზაზე მოძრაობა 30 წუთის განმავლობაში შეზღუდული იყო. ამ დროისთვის ავტომობილებს მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით შეუძლიათ გადაადგილება.

ხულოს გამგებლის ცნობით, მაღალმთიან აჭარაში წვიმს და შიდა სასოფლო გზების გაწმენდა 12 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დაახლოებით 6 სოფელს დენი არ მიეწოდება. მისივე თქმით, ელექტროენერგიის დროულად აღდგენის მიზნით ადგილზე ბათუმიდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ბრიგადები მივიდნენ.

„ჩვენი თანამშრომლები იმ სოფლებში არიან გადანაწილებული, სადაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა. ვიმედოვნებთ, რომ მაღალმთიანეთში მოსახლეობას დენი დღის ბოლომდე აღუდგება“, - აღნიშნა „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი სურმავამ.