ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი ისევ გააქტიურდა

ვაკის პარკში, სასტუმრო“ ბუდაპეშტის“ საკითხი, რამაც 2 წლის წინ მოქალაქეთა დიდი პროტესტი გამოიწვია, კიდევ ერთხელ გააქტიურდა. კერძოდ, ინვესტორმა მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმდინარე წლის აგვისტოში მშენებლობის ნებართვის ვადების გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ არქიტექტურის სამსახურში უთხრეს, მესაკუთრის „ტიფლის დეველოპმენტის“ განცხადებაზე შუალედური გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზები იყო და მათი მხრიდან სრულყოფილი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო. მათივე ცნობით, ჯერ ეს დოკუმენტაცია წარდგენილი არაა.

„ვინაიდან ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების მოჭრა/გადარგვა ხდება, წარმოდგენილი უნდა იქნას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც მშენებლობის ნებართვის/წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვას გასცემს.

„აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მოპოვების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში, უნდა წარადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა მასზე დატანილი მწვანე ნარგავებით და აღნიშნული მწვანე ნარგავების აღწერილობა,“ -ნათქვამია მერიის შუალედურ გადაწყვეტილებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) იურისტი ლალი პეტრიაშვილი კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მერია ამ განცხადებაზე ვერანაირ რეაგირებას ვერ მოახდენს, რადგან მშენებლობის არსებული ნებართვა სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი.

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ პარკის იმ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას არ დაუშვებენ.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ სასტუმრო არ აშენდება და ამას არ დავუშვებთ, თუმცა, ტრადიციულად ყოველ ახალ წელს წევენ ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ არაფერი მოხდება, რა თქმა უნდა, მზადყოფნაში ვართ. ყოველწლიურად 28-29 დეკემბერს ვიკრიბებით ხოლმე ვაკის პარკში და წელსაც შევიკრიბებით,“ - აღნიშნა ფერაძემ.

„ტიფლის დეველოპმენტმა“ ვაკის პარკში, ყოფილი რესტორნის „ბუდაპეშტის“ ადგილას, ამავე სახელობის სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს მიიღო. თუმცა, პარკში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოქალაქეთა ჯგუფმა გააპროტესტა. ტერიტორიაზე მორიგეობაც კი დაწესდა, რომ ინვესტორისთვის მშენებლობის უფლება არ მიეცათ. საკითხზე მიმდინარე სასამართლო დავა 2016 წელს დასრულდა, რომლითაც მერიის მიერ მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული აქტები ბათილად იცნო და მერიას საკითხის ხელახლა შესწავლა დაევალა. თუმცა, თავის მხრივ ინვესტორმა სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავა ახლაც მიმდინარეობს.