საქართველოს IFMGA წევრობის კანდიდატი გახდა. ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების სააგენტოდან იუწყებიან. საქართველოს მთაში გამყოლი გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე არჩილ ცინცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭრაქაძე ოფიციალური ვიზიტით ”სამთო გამყოლების საერთაშორისო გაერთიანების” (IFMGA) გენერალურ ანსამბლეაზე იმყოფებოდნენ, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ შამონიში გაიმართა.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები წელიწადში ერთხელ იმართება და ხდება 25 წევრ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლა და მნიშვნელოვანი პროექტების წარდგენა. საქართველოში განხორცილებული პროექტები ტექნიკური კომისიის პრეზიდენტმა, რაინერ ტაგლინგერმა წარადგინა.
პროექტების წარდგენის შემდეგ სამთო გამყოლების საერთაშორისო გაერთიანების კომისიის ერთობივი გადაწყვეტილებით საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
”საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA დიდი ხანია ცდილობს შეუერთდეს სამთო გამყოლების საერთაშორისო გაერთიანებას IFMGA-ს. ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა მხარემ მოახერხა და განახორციელა მრავალი რეფორმა, რათა დაეკმაყოფილებინა IFMGA-ს სტანდარტები. შეიქმნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ATS, რომელსაც აქვს სახელმწიფო სტატუსი და მისი დამფუძნებელები არიან საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია - GMGA.
IFMGA წევრობის მოსაპოვებლად საქართველოს მთის გიდების ასოციაციას და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას მოუწევს რამდენიმე ეტაპის გადალახვა, რაც ითვალისწინება შვეიცარელი და გერმანელი ექსპერტების მიერ საქართველოში მთის გიდების და საფეხმავლო გიდების სასწავო კურსების ჩატარებას და მათი ხელშეწყობით 2018 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარებას. 2019-2020 წლებში სადამკვირვებლო მისია შეამოწმებს ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებული კურსებს და გამოსაშვები გამოცდების დონეს და დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო ოფიციალურად გახდება IFMGA წევრი ქვეყანა”, - ნათქვამია მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, IFMGA სრულუფლებიანი წევრობის შემდეგ სათავგადასავლო ტურიზის სკოლის კურსდამთავრებულებს საერთაშორისო აღიარება ექნებათ.