თუ ავიღებთ შეერთებული შტატების პროგრამას ეკონომიკური განვითარებისა და წახალისების, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი , - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლითაც ლარის კურსის გაუფასურებას გამოეხმაურა.
ჭიჭინაძემ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მიზნად ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გამყარებას ისახავს.
მისივე თქმით, „ხურდასაც რომ გაძლევენ მაღაზიაში, ადამიანები გარბიან და დოლარს ყიდულობენ, რადგან „ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია“.
„აი, ეს არის ჩვენი პრობლემა, უბრალოდ ნდობა გვაქვს საკმაოდ დაბალი ეროვნული ვალუტის მიმართ და მე ვფიქრობ, ეს პროგრამა ზუსტად მაგისკენ არის მიმართული, რომ გამყარდეს ნდობა“, - განაცხადა მან.
ჭიჭინაძის განმარტებით, ლარის კურსი ერთადერთ ვალუტასთან, დოლართან მიმართებაში უფასურდება, ხოლო საქართველოს მეზობელი, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში კი - არა.
„რაც უფრო იაფია შენი ფული, მით უფრო ადვილად ხდება წახალისება ექსპორტის. იაფად ყიდი და უფრო მოხმარებადია შენი პროდუქცია,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.