იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გალარების პროგრამის კორუფციულ რისკებზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ
1. ბიუჯეტში წერია მხოლოდ რიცხვი 65 მლნ და არავითარი ხარჯვის წესი, იმთავითვე გაუმჭვირვალობა
2. ბიუჯეტში წერია 65 მლნ-ს ხარჯვას მთავრობა და არა პარლამენტი/კანონი დაადგენსო, საპარლამენტო კონტროლიც კი არ იარსებებს
3. ბიუჯეტიდან 65 მლნ-ს დახარჯვის შემდეგ ამ თანხების მიზნობრიობას ვერავინ შეამოწმებს, თვით აუდიტის სამსახურიც კი. ბანკები საბანკო და კომერციულ საიდუმლოებას ვერ გასცემენ
4. ეს 65 მლნ უნდა დაიხარჯოს 2 თვეში, რატომ 2 თვეში და არა მთელი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი ხომ მთელ წელზე დგება? პასუხი არაა. სავარაუდოდ იმიტომ რომ წლის დასაწყისში სახელმწიფო და ბანკები დაეხმარონ ერთმანეთს, ერთიანად დიდი თანხა გადავიდეს საბანკო ფიალაში და სანაცვლოდ მთავრობამაც იხეიროს.
5. ფინანსთა სამინისტრო როგორ დაადგენს კონკრეტული პირის (მაგ.: ლევან ალაფიშვილის) გასალარებელ კრედიტზე რამდენი უნდა გადაურიცხოს ბანკს? ლოგიკურია ან ბანკს უნდა ენდოს სიტყვაზე, ან ბანკმა უნდა წარუდგინოს დოკუმენტები - ეს კი ჩემი საბანკო საიდუმლოებაა. სასამართლოს სანქციის შესახებ საბანკო საიდუმლოებაზე წვდომა ფინანსთა სამინისტროს არ აქვს. ალბათობის მაღალი ხარისხით ბანკები საბანკო საიდუმლოებას არ/ვერ გადასცემენ და ფინანსთა სამინისტროს ჩინოსანი ბანკის კეთილსინდისიერებაზე იქნება ჩამოკიდებული.
6. ჩემს საბანკო საიდუმლოებაზე და საკრედიტო ისტორიაზე კანონსაწინააღმდეგო წვდომა შეიძლება მოიპოვოს ფინანსთა სამინისტრომ/ხაზინამ სასამართლოს სანქციის გარეშე
სხვაც არის შედარებით წვრილმანი.
ეს კი საბანკო საიდუმლოების მუხლის ამონარიდია:
ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ:
ა) შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს,
ბ) შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს,
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
დ) აღმასრულებლებს
ე) საგადასახადო ორგანოს, სასამართლოს სანქციით და ამერიკასთან გაფორმებული FATCA-ს შეთანხმების საფუძველზე.
ჩამონათვალი ამომწურავია და მასში ფინანსთა სამინისტრო ან ხაზინა საერთოდ არ შედის!