ახალი წლიდან MAN-ის ტიპის ავტობუსები 51 და 37 ნომრების სამარშრუტო ხაზებზე გამოჩნდება. ორ ახალ მიმართულებაზე 25-მდე ახალი ავტობუსი გადანაწილებდა. როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, პირველ რიგში ახალი ავტობუსები 51 ნომრის ხაზზე შემოვა, იანვრის ბოლომდე კი 37 ნომერსაც დაემატება.
”ეს ის ხაზებია, რომლებიც ყველაზე მეტადაა დატვირთული და მათზე მოთხოვნა დიდია. ახალი ავტობუსები იმ ხაზებზე დაინიშნება, რომლებზეც დიდი ყვითელი ”ბოგდანები” დადის, გამონაკლისია 37 ნომერი. თბილისში ყოველდღიურად 522 ავტობუსი მოძრაობს, რეალურად კი დედაქალაქს 800 ავტობუსი ჭირდება. ეს არის მიზეზი, რომ ტრანსპორტის დეფიციტია და ავტობუსებით მგზავრობა კომფორტული არ არის. MAN-ის სრულად შემოსვლის შემდეგ, აპრილიდან ქალაქში ყოველდღიურად 604 ავტობუსი ივლის, ეს დედაქალაქს სერიოზულ შეღავათს მისცემს”, - აცხადებენ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მომავალი წლიდან ასევე დაგეგმილია ავტოპარკის განახლება და ავტობუსების რიცხვის 800 ერთეულამდე გაზრდა.
”2017 წელს ვგეგმავთ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ავტობუსები და 143 ავტობუსის გარდა, კიდევ 100 ავტობუსამდე შემოვიყვანოთ. ეს ავტობუსები საშუალო ზომის იქნება და ქალაქის შიდა, ვიწრო ქუჩებსა და მიმდებარე დასახლებებში იმოძრავებენ. ამისთვის ტენდერი გამოცხადდება და შესაძლოა, იქ MAN-ის ნაცვლად სხვა კომპანია შემოვიდეს”, - განაცხადეს მერიის ტრანსპორტის სამსახურში.
ამჟამად თბილისში MAN-ის ფირმის მხოლოდ 10 ახალი ავტობუსი მოძრაობს.
თათია ახვლედიანი