შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 26 ოქტომბერს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 6.5 %-ზე დატოვა. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის შემცირებული მოლოდინები მიუთითებს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე, თუმცა წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ მიზანშეწონილია, ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. სხვა თანაბარ პირობებში არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.
როგორც სებ-ში განაცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებიდან გამომდინარე, ასევე არ შეიცვალა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები.