ნიკა მელია დაინტერესდა, ვინ დაადგინა, რომ 33 000 ფიზიკური პირი, რომელსაც დოლარში აქვს გრძელვადიანი სესხი, ყველაზე გაჭირვებული ფენაა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია ინტერესდება, ვინ დაადგინა, რომ 33 000 ფიზიკური პირი, რომელსაც დოლარში აქვს გრძელვადიანი სესხი, ყველაზე გაჭირვებული ფენაა. მელიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც ბანკებს ბიუჯეტიდან 65 მილიონი გამოეყოთ დოლარში აღებული გრძელვადიანი სესხების კონვერტაციისთვის.

”ჩემი კითხვა ეხება დედოლარიზაციას. თქვენ დაადგინეთ, რომ არსებობს 33 000 ფიზიკური პირი, რომელსაც დოლარში აქვს გრძელვადიანი სესხი, თხოვეთ ბანკებს, რომ მოეხდინათ მათი კონვერტაცია და ბანკებს ბიუჯეტიდან მიეცით 65 მილიონი ლარი. მე მაინტერესებს, ვინ გადაწყვიტა, რომ ეს არის საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს. ჩანს, რომ ვიღაცას ეხმარებით, მაგრამ რეალურად ეხმარებით ბანკებს. ამ ფიზიკურ პირებს 100, 200, 300 ათასი აქვთ დოლარში სესხი აღებული, ძირითადად ბინების შესაძენად. უდიდეს უმრავლესობას კრედიტის გადახდის პრობლემა არ აქვს, მათ შორის არც თქვენ ბატონო დიმიტრი და არც მე, რომელსაც მაქვს სესხი აღებული. თუმცა, ასიათასობით საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ლომბარდებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ბანკებში ოჯახის უკანასკნელი ოქროს ნაკეთობა აქვს დალომბარდებული მაღალ პროცენტში, რომ მშობლებისთვის გაეკეთებინათ ოპერაცია ან პირიქით, მშობლებს აქვთ ბინა ჩადებული ბანკში ან მიკროსაფინანსოში, რომ ბავშვისთვის სწავლის დაფინანსება მოეხდინათ. ასიათასობით ასეთი ოჯახია, რომელსაც თქვენზე და ჩემზე მეტად უჭირთ და თქვენ ადექით და 65 მილიონ ლარს ბანკებს ჩუქნით, რათა ბიზნესმენებმა შვება იგრძნონ და 20 000 ლარს ჩუქნით პირველ რიგში თქვენს თავს და თქვენნაირი შემოსავლების მქონეებს”, - მიმართა მელიამ ქუმსიშვილს.

ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ ქუმსიშვილის რიტორიკა შეიცვალა.

”არ შემიძლია არ დავინახო კონტრასტი ამ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილსა და იმ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს შორის, რომელიც სულ რაღაც სამი კვირის წინ იჯდა ამავე დარბაზში მთავრობის დამტკიცებისას და სადაც ის და თავისი კოლეგები საუბრობდნენ განვითარებულ ქვეყანაზე, წინსვლაზე. თუმცა, დღეს საუბარი გიწევთ გაზრდილ ფასებზე, გადასახადების ზრდაზე და ა.შ. ეს არ გიხსენებიათ არც თქვენ, არც პრემიერ-მინისტრს”, - განაცხადა მელიამ.