ბატონო ნიკანორ, იგივე ვარ, ვინც ვიყავი. არაფერი შეცვლილა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, დეპუტატ ნიკა მელიას საპასუხოდ განაცხადა. „ნიკანორ მელიამ ბრძანა, ვერ ვცნობ ამ კაცსო. გვესაუბრებოდა ეკონომიკურ განვითარებაზეო და ახლა ბევრ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემაო. ბატონო ნიკანორ, იგივე ვარ, ვინც ვიყავი. არაფერი შეცვლილა, მათ შორის, ჩემს დამოკიდებულებაშიც“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ნიკა მელიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი შეპყრობილია კომპლექსით და წყინს, როდესაც ტყულებში გამოიჭერენ და რეალობას მიუთითებენ.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ ქუმსიშვილის რიტორიკა შეიცვალა.
”არ შემიძლია არ დავინახო კონტრასტი ამ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილსა და იმ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს შორის, რომელიც სულ რაღაც სამი კვირის წინ იჯდა ამავე დარბაზში მთავრობის დამტკიცებისას და სადაც ის და თავისი კოლეგები საუბრობდნენ განვითარებულ ქვეყანაზე, წინსვლაზე. თუმცა, დღეს საუბარი გიწევთ გაზრდილ ფასებზე, გადასახადების ზრდაზე და ა.შ. ეს არ გიხსენებიათ არც თქვენ, არც პრემიერ-მინისტრს”, - განაცხადა მელიამ.