საქართველომ საუკეთესო საქმიანი ტურიზმის ნომინაციაში გაიმარჯვა

Buying Business Travel Awards 2016-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო საუკეთესო საქმიანი ტურიზმის (MICE) დანიშნულების ადგილად დაასახელეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან იუწყებიან, ნომინაციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო აზერბაიჯანის, ასევე ქალაქ დუბაისა და სხვა დამკვიდრებული საქმიანი ტურიზმის მიმართულებებთან ერთად იყო წარდგენილი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ორგანიზატორებმა საქართველოს მიმართ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი ტურისტული ინტერესი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ მცირე დროში მიღწეული წარმატებები აღნიშნეს.

„აღნიშნული ჯილდო ჩვენი ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია და კარგად ასახავს, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას. აქვე მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას და ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის მოზიდვასა და განვითარების ხელშეწყობაში არიან ჩართული; ეს ჯილდო სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ოფიციალური ფუნქციონირება 2016 წლის თებერვალში დაიწყო.

მათივე თქმით, აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება წარმოადგენს. ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

„საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რადგან საქმიანი ტურიზმის მიზნით მოგზაური პირები მსოფლიოს მასშტაბით მაღალი მხარჯველობის უნარით გამოირჩევიან. დიდია მათი მხრიდან განმეორებითი ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა, წარმოშობს ინვესტიციების მოზიდვის ახალ პლატფორმას, ასევე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.