დავით ბაქრაძე - ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია

დღეს უკვე ლარის მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსი გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ბაქრაძემ დეპუტატებს ეროვნული ვალუტის მიმდინარე კურსი გააცნო და განაცხადა, რომ 1 დოლარის ფასი 2.6599 ლარს შეადგენს, რაც მისი შეფასებით, „სერიოზული ვარდნაა და არის პრაქტიკული პასუხი ყველა იმ დებატებსა და კითხვაზე, რაც პარლამენტში დაისვა“.

”ბატონებო, მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტაბილურება, ეკონომიკის წინ წაყვანა, ქვეყნის მართვა, მაგრამ არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფები, მაგრამ როდესაც მუდმივად ქვემოთ და ქვემოთ ეშვები, ეს ცურვა აღარ არის, ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია, რა მდგომარეობამდეც თქვენს მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ლარი და ამ მთელი დიკუსიის ფონზე არის პასუხი იმისა, თუ როგორ იქცევა მთავრობა, როგორ რეაგირებს ბაზარი და ეკონომიკა თქვენს ნაბიჯებსა და თქვენს გამოჩენაზე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკური გუნდის წევრების „ყველა გამოჩენა“ ლარის გაუფასურებით მთავრდება.

”ის, რომ დღეს ლარს აქვს 5-პუნქტიანი ვარდნა, მით უმეტეს იმ დროს, როცა მსგავსი განხილვებია პარლამენტში, რომელმაც, წესით, იმედი უნდა გააჩინოს, ვიღებთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ყველა გამოჩენა მოქმედებს ლარის კურსზე უარყოფითად, რადგან მოსახლეობისთვისაც, ბიზნესისთვისაც და ბანკებისთვისაც ლართან დაკავშირებით ცხადი არის ის, რაც გაახმოვანა თქვენმა პირველა მოადგილემ - ”არ დაიჯეროთ”. პირადად თქვენ ნუ დაიჯერებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანა შედის ძალიან ღრმა კრიზისში, საიდანაც მისი გამოყვანა თქვენს მიერ იქნება შეუძლებელი”, - მიმართა დავით ბაქრაძემ პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.