დიმიტრი ქუმსიშვილი სესხის კონვერტაციაზე - სუბსიდია რეალურად მისდის მოქალაქეს და ბანკი აქედან ვერ ხეირობს ვერაფერს

ფიზიკურ პირებს შორის, ვისაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა შეეხებათ, ბიზნესმენები არ არიან და აქ არიან იპოთეკური სესხის მქონე პირები , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.

”პრინციპი მუშაობს ასე: პირველი - მსესხებელმა უნდა მოინდომოს მისი სესხი ერთი ვალუტიდან მეორეში დაკონვერტირდეს. მეორე პრინციპი არის ის, რომ სუბსიდია რეალურად მისდის მოქალაქეს, რადგან მას ლარში გამოხატული ნაკლები სესხი ექნება და ბანკი აქედან ვერ ხეირობს ვერაფერს.

მესამე არის ის, რომ 98% არის 100 ათას ლარზე ნაკლები ნაშთის მქონე სესხები. მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება ის, რომ 100 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ადამიანები ამ ნაწილში არ მოხვდებიან.

მეოთხე ეხება მიკროსაფინანსოებს. მიკროსაფინანსოებში სესხები არის მოკლევადიანი, მაქსიმუმ არის წელიწადი-წელიწადნახევრიანი. ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ 2015 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ სესხებზე, პორტფელი, რომელიც მიკროსაფინანსოებში იყო ამ 2 წლის მანძილზე, უნდა ამოტრიალებულიყო და ის ადამიანები იმ სესხებით იქ არ უნდა ყოფილიყვნენ”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.