”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიგა ბოკერიასა და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი მათ შორის ბოკერიას შეკითხვას მოჰყვა, რატომ არ ეწერა ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში გადასახადების ზრდის შესახებ. ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველი მოატყუა.
თავის მხრივ ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროგრამაში საბიუჯეტო სახსრების მობილიზება აღნიშნული იყო. ”მე არ მომიტყუებია ამომრჩეველი, ჩვენ არ მოგვიტყუებია ამომრჩეველი. ეს ბილბორდებზე არ იყო ასახული, თუმცა საარჩევნო პროგრამაში საბიუჯეტო სახსრების მობილიზება წერია”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამის საპასუხოდ კი ბოკერიამ აღნიშნა, რომ საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და გადასახადების გაზრდა სხვადასხვა რამეა. ”მე ვიცი, რომ თქვენ საკუთარ თავს პატივს სცემთ. ეს პასუხი პასუხია?! საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და გადასახადების აწევა ხალხისთვის ერთი და იგივეა?! თქვით პირდაპირ, რომ მოატყუეთ, ვერ გაუბედეთ ამომრჩეველს ამის თქმა, ან ვერ გათვალეთ და კომპეტენცია არ გყოფნით. სხვა გზა არ არსებობს. საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია, გადასახადების ზრდაო, ამას რომ მინისტრი იტყვის, რა სახელი დავარქვა? პოლიტიკურად იმცირებთ თავს, ვერ ხვდებით ამას?!”, - მიმართა ბოკერიამ ქუმსიშვილს.