ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ძირითად მიმართულებებს განმარტავს. როგორც კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის განხილვისას განაცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შინაარსის ცვლილებაზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა უფრო მიზნობრივი გახდეს ეს პროგრამა და ეფექტური - გაწეული ხარჯები.
„ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააჟღერა, რომ საკითხი ეხება, ერთი მხრივ, სელექციურ კონტრაქტებზე დაფუძნებულ საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ ხარისხით იყოს უზრუნველყოფილი თითოეული პაციენტი. მეორე მიმართულება არის ფასების შემცირება მედიკამენტებზე, რომელიც კონსოლიდირებული შესყიდვით შესაძლებელი იქნება, რომ მიიღწეს. მესამე მიმართულება არის თანაგადახდის გარკვეული მიმართულების შემოღება, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაღალშემოსავლიან ადამიანს ვალდებულება ჰქონდეს, თავიანთი ჯანდაცვა დააფინანსოს, ვიდრე დაბალშემოსავლიან პირებს. ეს არის ძირითადი მიმართულება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და მომავალი წლის დასაწყისში ეს რეფორმები გატარდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.