ბექა ოდიშარია - ვშიშობთ, ადმინისტრაციული ხარჯებისა და შრომის ანაზღაურების შემცირება არ იყოს მტკივნეული კვალიფიციური ადამიანური რესურსების დაკარგვის თვალსაზრისით

რადგან მთავრობა ყველა სახელმწიფო უწყებაში გეგმავს ადმინისტრაციული ხარჯებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების 10-10%-იან შემცირებას, ეს იქნება მექანიკური პროცესი, თუ მაინც გვაქვს რაღაც ორიენტირები?- აღნიშნული კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე პირველ ვიცე პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელმაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

„მთავრობის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ, ბუნებრივია, ამ დარბაზშიც და ამ დარბაზს მიღმაც, ადამიანების უდიდესი უმრავლესობა მიესალმება. გვესმის მიზეზები, დაახლოებით, ვვარაუდობთ შედეგებს. მაინც მსურს, რომ გკითხოთ - რადგან მთავრობა ამასთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო უწყებაში გეგმავს ადმინისტრაციული ხარჯებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების 10-10%-იან შემცირებას, ეს იქნება მექანიკური პროცესი, თუ მაინც გვაქვს რაღაც ორიენტირები, ვინაიდან ობიექტურად ვშიშობთ, რომ ეს არ იყოს მტკივნეული კვალიფიციური ადამიანური რესურსების გადინებისა და დაკარგვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.