პარლამენტი დღეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს

პარლამენტი დღეს, პლენარული სხდომის ფორმატში, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს.

გარდა ამისა, დაგეგმილია პირველი მოსმენით იმ კანონპროექტების განხილვა, რომელიც ბიუჯეტის პროექტში ასახული ინიციატივებიდან გამომდინარეობს.

მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტით, მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი - 3.0%-ის ფარგლებში.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: - საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 922.7 მლნ ლარს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით, არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა 90.0 მლნ ლარით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 1 792.7 მლნ. ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.

წარმოდგენილი პროექტით, გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული: -

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 253,8 მლნ ლარით იზრდება და 3 415.8 მლნ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29.9%).

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 144,8 მლნ ლარით იზრდება და გათვალისწინებულია 1 116.2 მლნ ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 258.0 მლნ ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 258.0 მლნ ლარზე მეტი, რაც 308,0 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 748.0 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 585.0 მლნ ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის - 118.0 მლნ ლარი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის - 139.1 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტროსათვის - 132.3 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 110.0 მლნ ლარი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის - 99.6 მლნ ლარი.

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62.0 მლნ ლარზე მეტი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 84.8 მლნ ლარამდე. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 136.8 მლნ ლარზე მეტი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35.7 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 82.3 მლნ ლარს შეადგენს.

17.0 მლნ ლარით არის გაზრდილი საერთო სასამართლოების დაფინანსება და შეადგენს 69,0 მლნ ლარს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი;

მთავრობის სარეზერვო ფონდი - 40 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს 65 მლნ ლარის გამოყოფას ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. აღნიშნული სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, არა უმეტეს 100.0 ათასი ლარისა.

2017 წლიდან დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა. რაც იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.

გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რაც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250 მლნ ლარზე მეტი შემოსავალის მომცემი იქნება.

გარდა ამისა, თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები 10 – 10 პროცენტით იკვეცება. აღნიშნული შემცირება 2016 წელთან შედარებით იწვევს 100 მლნ. ლარზე მეტი ეკონომიის წარმოქმნას.

მცირდება ან უქმდება საბიუჯეტო პროგრამების ნაწილი. შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი და შემცირდება საწვავის ხარჯები.

იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა.