საქართველო უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ზამთრის სპორტითა და სათავგადასავლო დასვენების კუთხით. თუმცა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ხალხს დასასვენებელი ფული არ აქვს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სასტუმროს ნომრებიც უკვე უმეტესად დოლარში ქირავდება, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. ეს კი მომხმარებელს ზამთრის კურორტებზე გამგზავრების საშუალებას არ აძლევს.
საქართველოში მრავლად გვაქვს ე. წ. "თეთრი კურორტები" და ხალხს ძალიან უყვარს საახალწლო არდადეგების აქ გატარება, მაგრამ მეორე პრობლემაა ფინანსური საკითხი. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება, შესაბამისად, უამრავი ადამიანი არათუ დასვენებას ვერ მოახერხებს, არამედ კარგა ხნით დაავიწყდება კურორტებისკენ მიმავალი გზა.
"რეზონანსი" ამ თემით დაინტერესდა და პატარა გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც აღმოჩნა, რომ რესპონდენტთა უმეტესობას გადაწყვეტილი აქვს თბილისში გაატაროს არდადეგები, რადგან არანაირი საშუალება არ გააჩნია კურორტზე გასამგზავრებლად.
თაკო მჭედლიშვილი 28 წლის ექთანია. ის ყოველ წელს დადიოდა ხან გუდაურში, ხან ბაკურიანში, ხანაც ბორჯომში, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს:
"ტარიფებს რომ თვალი გადავავლე, თითქოს მკვეთრ ცვლილებას ვერ ვამჩნევ, მაგრამ მაინც არ შემიძლია სადმე წავიდე, რადგან მეშინია ხვალინდელი დღის. ფული თუ დასვენებაზე დავხარჯე, იქიდან ჩამოსულმა როგორ გავართვა თავი ყოველდღიურ ხარჯს, რომელიც ნამდვილად მკვეთრად გაიზარდა.
როდესაც ვარჩევდი სასტუმროს ან კოტეჯს, შევამჩნიე, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი დოლარში იყო, ალბათ, ხვდებით რატომაც ხდება ასე. წლის განმავლობაში ისედაც ცოტა ხანი ვისვენებ და ძალიან მიჭირს ისევ თბილისში ყოფნა, მაგრამ იმდენად სწრაფად და ყოველდღიურად უარესდება ყველაფერი, რომ მართლა მეშინია დასასვენებლად ფულის დახარჯვა. არ ვიცი იქიდან რომ ჩამოვალ, რა დამხვდება. ამიტომ ვერ ვრისკავ. მირჩევნია ეს ფული გადავდო ან საახალწლოდ გამოვიყენო, ვიდრე სამი დღე წავიდე გუდაურში და მერე ცარიელზე დავრჩე", - აღნიშნა "რეზონანსთან" თაკო მჭედლიშვილმა.
სასტუმროების მფლობელები და მენეჯერები ამბობენ, რომ ფასის მკვეთრი ცვალებადობა არ შეინიშნება საკურორტო ზონებში, თუმცა დასვენება მთლიანობაში ბევრად ძვირი ჯდება, რაგან თხილამურების ქირაობა, საკვები და მსგავსი რაღაცები გაძვირებულია.
გუდაურში ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონემ მალხაზ ღუდუშაურმა მომსახურების ღირებულება 5 ლარით გააძვირა. მას ესმის ხალხის მდგომარეობაც და არ აპირებს დოლარში დააწესოს ტარიფი ან უფრო მეტად გააძვიროს კოტეჯის ღირებულება.
"სულ სამი კოტეჯი მაქვს. ყველას სხვადასხვა ფასი აქვს. რომელიც უფრო ახლოსაა საციგურაო ზონასთან, ის უფრო ძვირი ღირს. 10-20 წუთია ფეხით გასავლელი გზა და ამ კოტეჯის ფასი ერთ ღამეში 150-180 ლარს შეადგენს. სიმართლე გითხრათ, როდესაც უცხოელები მოდიან სტუმრად, ისინი მეტსაც იხდიან, 180 ლარზე ხომ პრეტენზია საერთოდ არ აქვთ, მაგრამ ქართველებს უჭირთ გადახდა. თუკი ერთ კვირაზე დიდხანს აპირებენ დარჩენას, ფასდაკლებას ვუკეთებ. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან დასვენება მკვეთრად გაძვირდა, უბრალოდ, სულ უფრო მეტი პრობლემა აქვს ხალხს.
გუდაური ტურისტების რაოდენობით გამოირჩევა და მარტივად შემიძლია ამ დასკვნის გაკეთება. სხვა კურორტები კონკურენციას ვერ უწევენ გუდაურს. იქ ტურისტებისთვის კარგი ინფრასტრუქტურაა შექმნილი. ეს არის გზა, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, ადამიანური რესურსი, თუნდაც ახლომდებარე სამაშველო სამსახური. ამას ემატება მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებიც. ამიტომ მოთხოვნაც მეტია, თუმცა ნელ-ნელა ვითარდება სხვა კურორტებიც. გული მიგრძნობს სვანეთი და ყაზბეგი გახდება ძალიან მოთხოვნადი. ვნახოთ, მთავარია, ხალხს ჰქონდეს საშუალება თავისივე ქვეყანაში როგორმე დაისვენოს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მალხაზ ღუდუშაურმა.
ადამიანები ფიქრობენ, რომ ზოგადად საქართველოში დასვენება ხელმისაწვდომი არ არის და არც იმის შესაბამისი ფასებია, რა მომსახურებასაც სთავაზობენ. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ აქ დასვენების ფასად უცხოეთში წავლენ და ბევრად უკეთესი მომსახურებაც ექნებათ, თუმცა აბსოლუტურ უმრავლესობას დასასვენებელი ფული საერთოდ არ აქვს. თანაც, იმის ნაცვლად, რომ სასტუმროებმა, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ტარიფს დააკლონ, პირიქით, ზრდიან ან დოლარში ითხოვენ მომსახურების საფასურის გადახდას.
ბაკურიანში ერთ-ერთი ცნობილი და ძვირადღირებული სასტუმრო "ვერე პალასში" ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 100 დოლარს შეადგენს, ორადგილიანი ნომერი კი 150 დოლარი ღირს.
სასტუმროს მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება, ცხელი წყალი, სავარჯიშო დარბაზი და სხვა. სასტუმროში ამბობენ, რომ ნომრების უმეტესობა უკვე დაჯავშნულია და საახალწლოდ ადგილები შეზღუდული იქნება.
ბაკურიანში საოჯახო ტიპის კოტეჯების ფასებიც საახალწლოდ 50 დოლარამდე მატულობს, თუმცა ამ ფასში შედის სამჯერადი კვება და საახალწლო სუფრაც. შობის შემდეგ კი ტარიფი 70 ლარამდე მცირდება. გუდაურსა და ბაკურიანში თითქმის ერთნაირი ფასია სათხილამურო მომსახურებაზე. საბაგიროზე ერთჯერადი ასვლა 5 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო მთელი დღის განმავლობაში 30 ლარის გადახდა მოგიწევთ. თხილამურების დაქირავება ერთი საათით 30 ლარის ფარგლებში მერყეობს.
არსებობს კატეგორია, რომელიც დასვენებაზე უარს არ ამბობს და დღეების რაოდენობას ამცირებს. ნატა მიქაძე 19 წლის სტუდენტია. იგი წელს აუცილებლად აპირებს დასასვენებლად ბაკურიანში ან სვანეთში წასვლას, მაგრამ არ გადაუწყვეტია, თუმცა დიდი ხნით დარჩენას ფინანსების გამო არ გეგმავს.
"ყოველ ახალ წელს მივდიოდით მთელი ოჯახი გუდაურში, თითქოს ტრადიციად გვექცა, მაგრამ წელს ოჯახი ვერ მიდის და მე კი ვაპირებ ჯგუფელებთან ერთად, თუმცა ფინანსებს რომ გადავხედე, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ დავრჩები, ალბათ, სამი-ოთხი დღით წავალ, იქაც მჭირდება სახარჯო ფული, ჭამა და გადაადგილება, მთლიანობაში 600 ლარი მიმაქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენად მეყოფა. სიმართლე გითხრათ, მეტს ვერც წავიღებ.
ახლა ისეთი მდგომარეობაა, საერთოდ რომ მივდივარ, ისიც მიკვირს. წინა წელს მთელი ჯგუფი ვიყავით (50 სტუდენტი) და წელს მხოლოდ ცხრანი მივდივართ. არ აქვთ ფული. სამწუხაროდ, წლის ბოლოს იმის საშუალებაც არ არის, რომ სამი დღით სადმე დასასვენებლად წახვიდე", - ამბობს ნატა მიქაძე.
ასეთი განწყობაა მოსახლეობაში, რაც ისედაც ძლივს წამოწეულ ტურიზმს უკან დახევს. ფასის ზრდა, როგორც წესი, მოთხოვნის შემცირებას იწვევს. გუდაურში ამბობენ კიდეც, რომ წელს სეზონის გახსნაზე გაცილებით ნაკლები ხალხი იყო, ვიდრე შარშან.
თეო გუდავაძე
გაზეთი "რეზონანსი"