მეტროს ყველა სადგურში მგზავრთა გადაყვანა აღდგენილია

თბილისის მეტროპოლიტენის ვარკეთილი-ახმეტელის ხაზის ყველა სადგურზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურზე 11:18 საათიდან სრულად აღდგა მოძრაობა, მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად მოხდა მეტროსადგურ „სამგორში“ არსებული ძაბვის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 09:55 საათზე, სადგურ „სამგორში“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, მეტროსადგურებში: „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა არ ხდებოდა. მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობდნენ. ვარკეთილსა და სამგორს შორის გვირაბში ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მგზავრები დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდნენ.

მგზავრები გვირაბიდან ფეხით გამოვიდნენ.