საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.
როგორც ბანკში განმარტავენ, გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები სუსტია. თუმცა, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში. ამასთან, ეროვნული ბანკი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას.
რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ბოლო თვეების მანძილზე წლიური ინფლაცია ნულოვან ნიშნულთან ახლოსაა და ნოემბერში 0.2 პროცენტი შეადგინა. დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე წინა პერიოდებში შემცირებულ ფასებთან ერთად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნაა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც შემცირდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდა ლარით გაცემული სესხები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოთხოვნის სტიმულირებისთვის.
”ბოლო პერიოდში გაძლიერდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოს ეკონომიკაზე. დოლარის გლობალურმა გამყარებამ, ევროსა და თურქული ლირის გაუფასურება, მოლოდინებითა და სავაჭრო არხებით აისახა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე. მეორე მხრივ, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში საქონლის ექსპორტი წლიურად იზრდება. ასევე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილებიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 იანვარს გაიმართება”, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.