კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა, პირობების შექმნა განვითარებისათვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული მოქალაქისთვის , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქუმსიშვილმა ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრის დაწყებამდე საზოგადოებას და პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”დღეს ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლაა, ვინაიდან მე წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტის კანონს. დოკუმენტს, რომელიც არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, როგორიც არის ერთი წელი, არამედ საფუძველია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა და სტაბილურად ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. ზოგადად, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელსაც ჩვენ, ხელისუფლება და საზოგადოება ერთად გადავდგამთ და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე.
”მინდა მადლობა გადავუხადო, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა ჩვენს გუნდს. ცხადია, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და უფრო მეტად - დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ის გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და განვაგრძოთ წინსვლა. მსურს, ასევე, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელმაც დაამტკიცა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი და განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად, გადავლახოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენს წინაშეა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა, პირობების შექმნა განვითარებისათვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენ ყველას ერთად, როგორც არასდროს, გვჯერა საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრი ამ წუთებში დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.