ექსპორტის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების ხელშეწყობა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას, მათ შორისაა, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
”ექსპორტის შემდგომი ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ჩინეთთან მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თუმცა ამავე დროს აუცილებელია მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მეწარმეებს ამ ბაზრების ათვისებაში და სწორედ ამას ემსახურება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და შეღავათიანი აგროკრედიტები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტში ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით დამატებით 6.0 მლნ ლარია გათვალისწინებული.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ექსპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებებად ასევე დაასახელა ექსპორტზე ორიენტირებულ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ინდუსტრიული კლასტერების შექმნა და ხელსაყრელი სავაჭრო პოლიტიკის წარმოება, რომელიც, მისი თქმით, ხელს უწყობს არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას, ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა.
რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ამის მაგალითად დაასახელა წარმატებული სავაჭრო მისიების წარმოება, ქართველი ექსპორტიორი კომპანიების მონაწილეობის ხელშეწყობა მსოფლიოს წამყვან სავაჭრო გამოფენებზე და ა.შ.
ფინანსთა მინისტრმა იმ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი, რომელთაც მთავრობა სამომავლოდ საქართველოში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გაატარებს.