2016 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 2.4%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით კი 33.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 58 721 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის თვის უძრავი ქონების პირველად სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობაში 5.2%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო მეორად მონაცემში ზრდამ 5.2% შეადგინა.
”წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (73.9%-ით), ისე მეორადი (23.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის ნოემბერში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 14 410 ერთეული შეადგინა, საიდანაც 9 609 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 44 311 ერთეული შეადგინა, საიდანაც 3 319 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 592 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება)”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს მონაცემებით, 20 691 ტრანზაქციით ათეულში თბილისი ლიდერობს, რომელსაც 4 254 ტრანზაქციით ბათუმი და 2 191-ით მცხეთა მოსდევენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ათეულში ასევე არიან ქუთაისი, გარდაბანი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი, მარნეული და ოზურგეთი.