გაზაფხულიდან საქართველოში პოლურეტანის სკების წარმოება დაიწყება, რაც ქართული თაფლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს.
პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ცნობით, დღესდღეობით ქართველ მეფუტკრეებს იმპორტირებული სკების შეძენა უწევთ. შემოტანილი 1 სკის ღირებულება 250-300 ლარია, რაც პროდუქციას აძვირებს.
ასოციაციის პრეზიდენტის თეიმურაზ ღოღობერიძის განმარტებით, ერთი ქართული სკის ღირებულება საშუალოდ 100 ლარით ნაკლები იქნება იმპორტირებულ სკასთან შედარებით, გარდა ამისა, თემურ ღოღობერიძის განცხადებით, საქართველოში დამზადებული პოლურეტანის სკები იმპორტირებულ პენოპლასტის სკებზე უფრო ხარისხიანი იქნება.
„დღესდღეობით ქართველ მეფუტკრეებს იმპორტირებულ პენოპლასტის სკების შეძენა უწევთ, თუმცა გაზაფხულიდან უკვე გვექნება ადგილობრივი წარმოების პოლურეტანის სკები, რომლებიც იმპორტირებულ პენოპლასტის სკებთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია. გარდა ამისა, ამ ტიპის სკებით უფრო მეტი მოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი, რაც ბუნებრივია, თაფლის წარმოებაზე დადებითად აისახება“, - აღნიშნა თეიმურაზ ღოღობერიძემ.