დაგეგმილი და განხორციელებული ყველა ეკონომიკური რეფორმა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ქუმსიშვილმა გამოსვლისას მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”ეს არის ჩვენი გუნდის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს - ეკონომიკურ რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცითი მოწყობის გეგმას და საჯარო მმართველობის რეფორმას. ყველა ეს ოთხი კომპონენტი აუცილებელია ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. თუ ჩვენ არ გვექნება საჯარო მმართველობის რეფორმა და არ გავაუმჯობესებთ სერვისების შეთავაზებას კერძო სექტორისათვის, მაშინ ჩამოთვლილი წინა სამი რეფორმაც ვერ იქნება წარმატებული. თუ ჩვენ არ გვექნება დამაკავშირებელი მაგისტრალები და არ გვექნება სწორი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად და სოციალურად, მაშინ ჩვენ ვერ აღვასრულებთ და მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ არ გვეყოლება განათლებული, ადამიანები, ჩვენ ვერ მივიღებთ იმ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გვჭირდება. ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ყველა ეკონომიკური რეფორმა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების გრძელვადიან კეთილდღეობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.