პარლამენტის სამმა კომიტეტმა დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილა. პროექტი აგრარულ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
კაკაურიძის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა პირველ რიგში, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული დეფიციტის დაფინანსებითაა გამოწვეული. მისი ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 40-მილიონი ლარის დამატება ხდება.
მეორე მიმართულება, რის გამოც 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება, ეს არის წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულების ფარგლებში დონორებისაგან გამოყოფილი თანხების ათვისების ბიუჯეტში ასახვა.
ზოგადად, ბიუჯეტის საერთო მოცულობა არ იცვლება. ძირითადად, ადგილი აქვს შიდა გადაადგილებებს.
სამივე კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.