ტურისტული გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის განხილვისას განაცხადა. ქუმსიშვილის განცხადებით, ამით როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და იმოგზაურონ უსაფრთხოდ და იოლად.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებითვე, ბიუჯეტით 10 მილიონი ლარია გამოყოფილი საავტომობილო გზების სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით რეკონსტრუქცია - მშენებლობისთვის. გარდა ამისა, დაფინანსდება საჩხერე-ზემო რაჭის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 10 მილიონი ლარის ოდენობით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბაღდათი - აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე, რომელიც ითავლისწინებს 70 კმ-ის გზას, რომლის მეშვეობითაც, მინისტრის მოსაზრებით, გაიზრდება ქუთაისის, როგორც ტურისტული ჰაბის ფუნქცია. გარდა ამისა, მისი განცხადებით, გაადვილდება ტურისტებისთვის აბასთუმანში მოხვედრა ამჯერად დასავლეთ საქართველოდან, ამ მიზნით კი ბიუჯეტში 15 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ასევე გათვალისწინებულია სტეფანწმინდა-გერგეთის სამების საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის 8 მლნ ლარის გამოყოფა.
„2017 წლის ბიუჯეტით ასევე მოხდება ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რაც 24 მილიონი ლარი დაჯდება და მნიშვნელოვნად გააადვილებს ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმოსვლას გოდერძის კურორტზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.