ნადირაშვილი ქუმსიშვილს - შემცირებებში მოჰყვებიან მთავრობის წევრების ნათესავები, თუ იმ ადამიანებს გაუშვებთ სახლებში, ვისაც პატრონი არ ჰყავს?

შემცირებებში მოჰყვებიან მთავრობის წევრების ნათესავები, მეგობრები, ნათლულები და ა.შ. თუ აპირებთ ის ადამიანები გაუშვათ სახლებში, ვისაც პატრონი არ ჰყავს?- ამ კითხვით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა.

დეპუტატის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებულმა 10%-იანმა შემცირებებმა საჯარო სამსახურებში საკმაოდ ნერვული სიტუაცია შექმნა.

„ადამიანებმა არ იციან, ეს შემცირებები შეეხება მათ ხელფასებს თუ მათ უბრალოდ სახლში მოუწევთ წასვლა. ნათელი არ არის, რა გადაწყვეტილება გაქვთ ამ მიმართულებით მიღებული, მაგრამ კითხვა მაქვს კონკრეტულ გვარებზე. მე მაინტერესებს, თქვენ თვალს მიადევნებთ თუ არა და ამ შემცირებებში მოყვებიან თუ არა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მამა, რომელიც დასაქმებულია საქართველოს რკინიგზაში? ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის მამა, რომელიც რკინიგზაში არის დასაქმებული? ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის მეუღლე, რომელიც ელექტროსისტემაში არის დასაქმებული? ზურაბ პატარიძის მეუღლე სოფიო ბაკურაძე საქართველოს რკინიგზაში მუშაობს; ვლადიმერ ხუნდაძე, ეს გახლავთ თქვენივე სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და მისი მეუღლეც დასაქმებულია სახელმწიფო შპს-ში. მე მაინტერესებს, ეს ადამიანები დატოვებენ თუ არა თანამდებობებს და მიადევნებთ თუ არა თვალს, რომ მათზე არ იხარჯებოდეს თანხები, რადგან საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში ამ მიმართულებით. მე დავითვალე და მხოლოდ ამ რამდენიმე ადამიანის შესანახად სახელმწიფომ მხოლოდ ერთ წელიწადში 394 575 ლარი დახარჯა. ამიტომ ჩემი კითხვა არის ასეთი - შემცირებებში მოყვებიან თუ არა თქვენი ნათესავები, მთავრობის წევრების ნათესავები, მეგობრები, ნათლულები და ა.შ. თუ აპირებთ, რომ ის ადამინები გაუშვათ სახლებში, ვისაც პატრონი არ ჰყავს?“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.