შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სადახლოსა და ვალეში არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 9-10 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, სგპ „ვალეში“ აღმოჩენილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების წონამ 85,05 გრამი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს გადაეცა. ხოლო საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროსა (56,23 გრ.) და ვერცხლის (8,49 გრ.) ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,618.71 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,618.71 ლარის ოდენობით შეეფარდა.