მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოსაზრებები წარმოადგინა.
გვენეტაძის თქმით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9,489 მილიონი ლარით განისაზღვრება, აქედან 8,820 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებზე.
„სულ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 10.5%-ით იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მშპ-ის საპროგნოზო ოდენობასთან 24.5%-ს უტოლდება. საგადასახადო შემოსავლების მატება ძირითადად აქციზის გადასახადზე მოდის, რაც დაკავშირებულია 2017 წელს ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოსა და ავტომობილებზე აქციზის გადასახადის დაგეგმილ ზრდასთან. გეგმის მიხედვით, მცირდება მოგების გადასახადიდან შემოსულობები, რაც დაკავშირებულია მოგების რეინვესტირებული ნაწილის დაბეგვრისგან გათავისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონლის გაძვირება გაზრდის ინფლაციის მოლოდინებს, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 10,804 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან მიმდინარე ხარჯებზე 9,121 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებსა და წმინდა დაკრედიტებაზე 1,683 მილიონი ლარია განსაზღვრული.
„სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 1,194 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო როგორც მიმდინარე (578 მლნ ლარი), ასევე კაპიტალურ ხარჯებს (616 მლნ ლარი). 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 4.1%-ზეა დაგეგმილი. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2.5%-მდე. იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2017 წელს ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის. თუმცა, ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ მომდევნო წლებში არ მოხდეს ფისკალური კონსოლიდაციის წარმოდგენილი გეგმიდან გადახვევა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.