გიგი წერეთელი -  თქვენი ლოგიკით, კარგია ფასები საკვებ პროდუქტებზეც რომ იზრდება - ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და არ იქნება სიმსუქნე

საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, რადგან ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტით საქართველოს მოსახლეობა უფრო უარესად იცხოვრებს, ვიდრე დღეს ცხოვრობს.

”ის, რაც ამ ბიუჯეტში წერია, გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს უარესად, ვიდრე ცხოვრობდა დღეს. ეს ეხება ლარის კურსს, გადასახადების მატებას, ეს ეხება იმას, რომ პენსიები და სხვა სოციალური გასაცემლები არ იზრდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, მოსახლეობას უფრო მეტად გაუჭირდება. მიუღებელია იმ ტიპის ახსნა საწვავზე გადასახადების მომატების შესახებ, რომ საწვავს ნაკლები ხალხი ჩაასხამს და უფრო უკეთესი ეკოლოგია გვექნება. ამ ლოგიკით, მაშინ საკვებ პროდუქტებზეც კარგია ფასები რომ იზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ნაკლებს შეჭამენ და ნაკლები პრობლემები ექნებათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ იქნება სიმსუქნე და ა.შ. ეს ხომ ასე არაა? - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მოაქვს ამ ყველაფერს და იმის მაგივრად, რომ რაღაც მოვიკლოთ, არასაჭირო ხარჯები შევამციროთ და ამით დავაბალანსოთ ბიუჯეტი, ისეთ საკითხებსა და გადაწყვეტილებებს ეძებთ, როგორიცაა გადასახადების ზრდა და ა.შ.”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ბიუჯეტი, რომელიც დღეს პარლამენტშია წარდგენილი.

”ამ ბიუჯეტს ვერ ექნება მხარდაჭერა. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ბიუჯეტი, რომელიც დღესაა წარმოდგენილი. იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მეტი ეკონომიკური თავისუფლება უნდა იყოს”, - განაცხადა წერეთელმა.