გვაჩვენეთ, რომ არ ხართ სტატისტები და არ ასრულებთ ბრმად, რასაც მთავრობა გეტყვით, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს განიხილავენ.
ბოკერიას თქმით, მთავრობის წარმომადგენელს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ მოატყუეს ამომრჩეველი და არ უთხრეს დაგეგმილი გადასახადების ზრდის შესახებ.
„ახლა მე მაინტერესებს ჩვენი პატივცემული უმრავლესობის წევრების პოზიცია - თქვენს შორის არის ჯგუფი, ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა გვაჩვენოს, რომ წონა გაქვთ?! სტატისტები არ ვართო, ხომ იძახით, გვაჩვენეთ, რომ არ ხართ სტატისტები. აბა გვაჩვენეთ, შეგიძლიათ თუ არა მძიმეწონოსანი საკითხი აწიოთ ახლა. აი, კონკრეტული გეგმა აქვს ზურაბ ჭიაბერაშვილს, როგორ შეიძლება აქციზის დაწევა და გადასახადების არგაზრდა, გაიარეთ კონსულტაცია. ძალიან კონკრეტული გეგმაა, რთული არ არის, მაგრამ პოლიტიკური წონა უნდა, რომ დაუდგეთ მთავრობას, თუ შეგიძლიათ... ამათ რომ არ შეუძლიათ, ვნახეთ უკვე. საბიუჯეტო სახსრების მობილიზებაა გადასახადების გაზრდაო, - ცინიკურად გვეუბნება მთავრობა, - ასე მოგატყუეთ ყველანიო და თქვენც, როცა არ გითხრეს წინასწარ. არის საკითხი გადასახადების არაწევის, საშემოსავლო გადასახადების დაწევის, პენსიის ზრდის - შეგიძლიათ მიაწვეთ და აიძულოთ, რომ გააკეთონ. გვანახეთ, რომ შეგიძლიათ ადამიანებზე პოლიტიკურად იზრუნოთ და არ ასრულებთ ბრმად, რასაც მთავრობა გეტყვით. თქვენს შორისაც არის ხალხი, ვინ ხვდება, რასაც ახლა მე ვიძახი, მაგრამ გეყოთ უნარი გვაჩვენოთ, რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ პოლიტიკურად, თორემ ისე, ეს ყველაფერი თქვენი მხრიდან არის უბრალოდ ლაპარაკი და მოფერება მთავრობის, რომელიც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს“, - მიმართა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.